воскресенье, 4 июня 2017 г.

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

თემა: რა არის მასშტაბი?

მიზანი: მოსწავლეებმა გაითავისონ მასშტაბის ცნების არსი, შეძლონ მასშტაბის მეშვეობით მაკეტის რეალური სიგრძის გამოთვლა და რუკაზე მოცემულ ობიექტებს შორის მანძილის პოვნა, რიცხვების ჩასმით სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველი ცხრილის შევსება. განივითარონ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის, გავრცობისა და აღწერის უნარ-ჩვევები.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
მათ.VI. 3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
·         იყენებს პროპორციულობას და შეფასებას ბუნებისმეტყველების დარგებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას (ამოცანები მასშტაბზე, ხსნარებზე, შენადნობზე).
მათ.VI. 5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.
·         სიტყვიერად მოცემული წესის მიხედვით ან მოცემულ ასოით გამოსახულებაში სხვადასხვა რიცხვების ჩასმით ავსებს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველ ცხრილს.
·         განავრცობს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველ ცხრილს. ცვლადის მითითებული მნიშვნელობისთვის პოულობს დამოკიდებული სიდიდის გამოტოვებულ მნიშვნელობებს.
მათ.VI. 6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამოტოვება.
·         ადგენს რეალური ვითარების ან სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას, უტოლობას ან განტოლებას.
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: პროპორციის ჩაწერა და წაკითხვა, პროპორციის ძირითადი თვისება და მისი გამოყენება, პირდაპირპროპოციული და უკუპროპორციული სიდიდეები. ჯგუფური და წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფური.
შეფასება: განმსაზღვრელიგანმავითარებელი.
რესურსები: სახელმძღვანელო, ცხრილები, გეოგრაფიული რუკები, გემების მაკეტები, დანართები, ბარათები, კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ვიდეოკოლაჟი, სლაიდები ,,PowerPoint” პროგრამაში შესრულებული, ვიდეოფილმი, სახაზავი, ფანქარი, მარკერი, ფლიფჩარტითაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი.
ინფორმაციის წყარო:  http;//internet.ge

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.  გამოწვევა (3 წთ)
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების სქემას (სლაიდი 1, 2, 3, 4). დავურიგებ თაბახის ფურცლებს, ვთხოვ ქაღალდის გემის გაკეთებას და ვუჩვენებ (ვიდეოკოლაჟს)-,,ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება".
აქტივობა 2.  საშინაო დავალების შემოწმება (4 წთ)
საშინაო დავალების  შემოწმების შემდეგ პრობლემურ ამოცანებს და მაგალითებს განვიხილავ მოსწავლეთა მონაწილეობით.
აქტივობა 3.  წინარე ცოდნის გააქტიურება  (8 წთ)
წინარე ცოდნის შესამოწმებლად მოსწავლეებს წყვილებში ასაწყობად მივცემ კონვერტში მოთავსებულ დაჭრილ წესებს, ამ წესების  შესაბამის მაგალითებს და ამოცანებს გამოსათვლელად (სლაიდი 5, 6) .
აქტივობა 4. ახალი მასალის ახსნა (10 წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ, დააკვირდნენ მოცემული მაკეტების ილუსტრაციებს (სლაიდი 7.1), ავუხსნი მათ მასშტაბის არსს და მნიშვნელობას, კერძოდ, გემის რეალური სიგრძის დასადგენად საჭიროა, რომ მაკეტის სიგრძე გამოსახული სანტიმეტრებით გავამრავლოთ მეტრების რაოდენობაზე, რომელიც შეესაბამება მაკეტის ყოველ სანტიმეტრს. ასევე ვთხოვ რუკაზე მოცემულ ობიექტებს შორის მანძილები გაზომონ (სლაიდი 7.2), მასშტაბის მეშვეობით შესაბამისი რეალური მანძილები გამოთვალონ შემდეგი ცხრილის გამოყენებით  (სლაიდი 8).
აქტივობა 5. ზეპირი დამოუკიდებელი მუშაობა (3 წთ)
ზეპირად ამოხსნიან მსგავს ამოცანებს (სლაიდი 9, 10, 11) .  
აქტივობა  6.  გადაწყვიტე პრობლემა (10 წთ)
ჯგუფური მუშაობით ამოხსნიან სიტუაციურ ამოცანებს (სლაიდი 12). პრეზენტატორებს ფლიფჩარტზე შესრულებული  ნამუშევრები გამოაქვთ.
აქტივობა  7.  გაკვეთილის შეჯამება (4 წთ)
მოსწავლეებთან ერთად შევაჯამებ გაკვეთილს (რა ვისწავლეთ, რა გავაკეთეთ, რაში გამოგვადგება) და ვუჩვენებ საინტერესო ვიდეოფილმს მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი  ,,ოაზისი".
შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი ( საშინაო დავალების და საკლასო მუშაობის შეფასების სქემა). (2 წთ)
მოსწავლეები  შეავსებენ თვითშეფასების ცხრილს ,,დაასრულე წინადადება(სლაიდი 13).
საშინაო დავალება: (1 წთ)                                  
. რუხაძის მათემატიკის სახელმძღვანელოდან გვ.121, № 8, 9, 10 (სავალდებულო), დამატებითი სავარჯიშოებიდან გვ.123, № 6, 7, 8 .                                                                                                                                                         

Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა